Wednesday, August 31, 2011

სილიციუმი და მისი ნაერთები

1. პროექტის სახელწოდება: სილიციუმი და მისი ჟანგბადნაერთები.

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით: სილიციუმის და მისი ჟანგბადნაერთების გავრცელება ბუნებაში, ფიზიკური და ქიმიური თვისებები, სილიციუმის ნაერთთა წარმოებაში და ყოფა–ცხოვრებაში გამოყენება.
3.  პროექტის აქტუალობა: ამ პროექტის საშუა
ლებით მოსწავლეები ადგენენ თუ რამდენად მნიშვნელოვანი ელემენტია სილიციუმი, რომლის ატომები ფართოდ არის გავრცელებული ჩვენს გარშემო ბუნებასა და ყოფა – ცხოვრებაში. სილიციუმის დიოქსიდი უკავშირდება ათასნაირ საგნებს, როგორიცაა ლამაზი აქატი, მრავალფეროვანი ოპალი, ზღვის თუ მდინარის ქვიშა, მთის ბროლი,კაჟი, უძველესი დროის ადამიანის მიერ ტლანქად დამუშავებული საბრძოლო თუ სამუშაო იარაღები, კვარცი, სალესი ქვა,სხვადასხვა სილიკატები, რომელთაც მშენებლობასა და სამეურნეო ტექნიკაში იყენებენ, სხვადასხვა ხარისხის მინები, ფაიფური, კერამიკის ნაწარმი.
მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას სილიციუმის დიოქსიდის არსებობაზე მცენარეებსა და ცხოველების ორგანიზმებში.
მოსწავლეები არკვევენ რით არის განპირობებული სილიციუმის ნაერთების ასეთი სიმტკიცე.
მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას სილიციუმის ნაერთების გამოყენებაზე.
4. პროექტის მიზნები: ამ პროექტის საშუალებით მოსწავლეები დაეუფლებიან ცოდნას სილიციუმის და მისი ნაერთების გავრცელებაზე ბუნებაში, თვისებებზე, გამოყენებაზე ყოფა–ცხოვრებაში. აკავშირებენ ერთმანეთთან ნაერთების ფიზიკურ და ქიმიურ თვისებებს მათ გამოყენებასთან.
მოსწავლეები ატარებენ შემდეგი სახის ცდებს:
1. სილიციუმმჟავას მისაღებად ნატრიუმის სილიკატზე მოქმედებენ მარილმჟავათი. ღებულობენ ლაბისებურ ნალექს;
2. სილიციუმის დიოქსიდზე, ჩვეულებრივი ქვიშის სახით, ურთიერთქმედებენ წყლით. ის პასიური ნივთიერებაა და წყალში არ იხსნება.
გადიან ბუნებაში და პოულობენ კაჟმიწის შემცველ მინერალებს.
ყოფა–ცხოვრებაში გამოყენებული საგნებიდან არჩევენ რომელია სილიციუმის ნაერთების შემცველი.
იყენებენ კომპიუტერის საშუალებით ინტერნეტს.
სარგებლობენ სკოლის სახელმძღვანელოთი და სხვა ლიტერატურით.
5. მონაწილეთა ასაკი: XI კლასი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები აგროვებენ სილიციუმის ჟანგბადნაერთების შემცველ სხვადასხვა საგნებს, როგორიცაა ჩვეულებრივი კაჟის ქვა, ქვიშა, სალესი ქვა,ფაიფურის, კერამიკის და მინის ნაწარმი.
კომპიუტერისა და პროექტორის საშუალებით წარმოადგენენ ფოტოებს, სადაც წარმოდგენილია კაჟის ქვით ნაშენი სახლები და ეკლესია–მონასტრები, გრანიტით მოპირკეთებული სახლები, მეტროს სადგურები, აქატისაგან დამზადებული სამკაულები, კამეები, ვაზები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ამ პროექტის განხორციელებისათვის მოსწავლეები სარგებლობენ მასწავლებლის მითითებებით, სკოლის სახელმძღვანელოთი, ა.ფერსმანის „სახალისო გეოქიმიით“, ყოფა–ცხოვრებაში გამოყენებული საჭირო ნივთებით, ჩვენს ირგვლივ ბუნებაში არსებული კაჟმიწის შემცველი სხვადასხვა საგნებით, კომპიუტერიდან ინტერნეტის საშუალებით მოძიებული სხვადასხვა მასალებით, ფოტოაპარატით.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): პროექტის თემას მოსწავლეები ირჩევენ მასწავლებლის დახმარებით. ჩამოაყალიბებენ თემის შესაბამის შეკითხვებს:
• პერიოდულ სისტემაში სად მდებარეობს სილიციუმი და როგორია მისი ელექტრონული აღნაგობა?
• როგორია სილიციუმის და მისი დიოქსიდის სტრუქტურა?
• სად არის გავრცელებული სილიციუმი და მისი ნაერთები?
• რა ფიზიკური და ქიმიური თვისებები გააჩნიათ მათ?
• სად გვხვდება ჩვენს ყოფა–ცხოვრებაში სილიციუმის ნაერთები?
• სად გამოიყენება სილიციუმის ნაერთები?
შემდეგ მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად:
I ჯგუფი იმუშავებს პირველი ორი კითხვის პასუხების დამუშავებაზე,
II ჯგუფი იმუშავებს –– მესამე და მეოთხე კითხვების პასუხზე,
III ჯგუფი იმუშავებს –– მეხუთე და მეექვსე შეკითხვაზე.
საბოლოოდ ისინი ერთობლივად ჩამოაყალიბებენ პროექტს მთავარი თემისა და იდეის შესაბამისად. პროექტს წარმოადგენენ მათთვის განკუთვნილი დროის (3 კვირა ) ბოლოს.
მასწავლებელი აფასებს თითოეული ჯგუფის ნამუშევარს. ამისათვის ის იყენებს მოსწავლეებთან შეთანხმებულ რუბრიკას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ინდირა ოკუჯავა.
12. ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:indira.okujava@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:indira-okujava.blogspot.com